29 მარტი

 საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ -  ლადო მგალობლიშვილმა, საქართველოს პარლამენტის  პლენარულ სხდომაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ორი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა.

 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის - დავით გაბაიძისა და ლადო მგალობლიშვილის ავტორობით მომზადებული კანონის პროექტი - „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.  

 როგორც ლადო მგალობლიშვილმა აღნიშნა, პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტში ინიცირებული ნებისმიერი კანონპროექტის განმარტებით ბარათში, უნდა აღინიშნოს თუ რა გავლენას მოახდენს კონკრეტული კანონპროექტი ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე.

 რაც შეეხება „გრანტების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას, რომელიც პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს, მისი მიღებით, ავტონომიური რესპუბლიკების დაქვემდებარებაში არსებულ  საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, დასაქმებისა და ახალგაზრდობის სფეროში, გრანტის გაცემის უფლებამოსილება ენიჭებათ.