02 დეკემბერი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოსა და მუნიციპალიტეტების გენდერულ საბჭოებს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 დოკუმენტის წარდგენამდე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოების თავმჯდომარეებმა - ნინო წილოსანმა, ფატი ხალვაშმა და დონორი ორგანიზაციის (IFES) წარმომადგენლებმა ქვეყანაში და კერძოდ, ჩვენს რეგიონში ამ მიმართულებით გატარებული სახელმწიფო პოლიტიკისა და სამომავლო მიზნების შესახებ ისაუბრეს.

 დავით გაბაიძის განცხადებით, ბოლო წლებში გენდერული თანასწორობის მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი  გადაიდგა, რომელთა შორის ერთ-ერთი გენდერული ბიუჯეტის ფორმირებაა.

 ფატი ხალვაშის განცხადებით, მემორანდუმის მიზანი - გენდერული თანასწორობის სახელმწიფო მექანიზმების დახვეწა, შესაბამისი პლატფორმის შექმნა, ხელმომწერი მხარეების ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობა, მხარდაჭერა და გენდერული თანასწორობის სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

 მემორანდუმს  უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოების თავმჯდომარეებმა მოაწერეს ხელი.

 ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, აჭარის მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოების თავმჯდომარეები, ამავე საბჭოების, არასამთავრობო სექტორის, ახალგაზრდობისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.