25 იანვარი

  აჭარის უმაღლეს საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ, საკანონმდებლო საქმიანობის გაცნობის მიზნით, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ბაზაზე არსებული ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომელთაც ექსკურსია ახალი ვებპლატფორმა - chaerte. sca. ge-ის მეშვეობით ჩანიშნეს.

 სტუმრებს უმაღლესი საბჭოს ისტორია, მისი საქმიანობის სპეციფიკა, პრინციპები მარინე გვიანიძემ და მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელმა - ცირა ხაჯიშვილმა გააცნეს.

 მარინე გვიანიძის განცხადებით, უმაღლესი საბჭოს, როგორც უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუციის შესახებ მოქალაქეთა ცნობადობის ამაღლება, ღიაობა და გამჭვირვალობა ღია მმართველობის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილია. მან სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებზე, ონლაინსერვისებზე და იმ სიახლეებზე, რომელთა მეშვეობითაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 ახალგაზრდული ცენტრი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ბაზაზე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში შეიქმნა.