29 მაისი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, პირველ საკითხად - 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს.

  ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის - ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, ბიუჯეტის შემოსავლები 106,8%-ით შესრულდა. მთავარი საბიუჯეტო პარამეტრების შემდეგ, მომხსენებელმა რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა და უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.

   ანგარიშთან დაკავშირებით, თანამოხსენებებით- აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - კახაბერ კირტავა და უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე წარსდგნენ.

   ანგარიში 12 ხმით დამტკიცდა, რის შემდეგაც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი, გამარტივებული წესით, მისმა ერთ-ერთმა ინიციატორმა, უმაღლესი საბჭოს წევრმა - დავით გაბაიძემ წარმოადგინა. ცვლილება ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციითაა განპირობებული და ნორმატიული აქტების მომზადებისას გენდერული გავლენის შეფასების აღწერის ვალდებულებას ითვალისწინებს.  კანონის პროექტი ერთხმად დამტკიცდა.

   II მოსმენით, ასევე ერთხმად დამტკიცდა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილების შესახებ“ კანონის პროექტიც, რომელიც  საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.

    სხდომაზე განიხილეს და ცნობად მიიღეს უმაღლესი საბჭოს - აგრარულ და გარემოს დაცვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ანგარიშები 01.09.2021წ.-31.12.2022 წ. პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ.

    სხდომას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტები ესწრებოდნენ.