24 ივლისი

           24 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ყატარის პრინცესას, გაეროს მშვიდობის ელჩს, საქველმოქმედო ფონდ “SATUC-ის“ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს შეიხა ბინთ ჰამად ალთანისა და ეგვიპტის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტს მოხამედ საიდს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, საქართველოს  კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია და აჭარის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა სურმანიძე.

         შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე და მათი განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სპორტულ ღონისძიებებზე, რომელთა განხორციელებასაც ყატარის პრინცესა საქართველოში, კერძოდ, აჭარაში გეგმავს.  შეიხა ბინთ ჰამად ალთანი ჩვენს რეგიონში მეორედ იმყოფება. ის ამ დღეებში ბათუმში საერთაშორისო საბრძოლო ხელოვნებათა ფესტივალს დაესწრო და სამომავლოდ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საფეხბურთო ტურნირის ჩატარებას გეგმავს.

        შეხვედრის ბოლოს სტუმარმა დავით გაბაიძეს სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერისათვის “SATUC-ის“ სპეციალური სერტიფიკატი გადასცა. სტუმარ-მასპინძლებმა გაცვალეს საჩუქრები  და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.