საქართველოს კონსტიტუციური კანონი

 

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ

მუხლი 1

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის საქართველოს განუყოფელი ტერიტორიული ერთეული.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მოიცავს ტერიტორიას ამ კანონის მიღების დღისათვის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა დასაშვებია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივის საფუძველზე საქართველოს ორგანული კანონით. აღნიშნული ინიციატივის თაობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით.

3. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხელისუფლება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხელისუფლების ორგანოების შექმნა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღება და გადაისინჯება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი კონსტიტუციური კანონი ძალაში შედის მისი დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის ძალაში შესვლისთანავე.

5. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს დროშა და გერბი, რომლებიც დადგენილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშასა და გერბში გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო დროშისა და გერბის ელემენტები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშისა და გერბის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით.

6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი.

მუხლი 2

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტებით.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ უფლებამოსილებებს დამოუკიდებლად ახორციელებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებული უფლებამოსილებებია:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მიღება;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრა;

გ) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კანონის მიღება და მისი შესრულების კონტროლი;

დ) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა;

ე) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის, ტყისა და წყლის რესურსების მართვა და განკარგვა;

ვ) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და განვითარება;

ზ) ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საავტომობილო გზების და სხვა ინფრასტრუქტურის მართვა;

თ) ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, შემოქმედებითი და სპორტული დაწესებულებების შექმნა, მართვა და მხარდაჭერა;

ი) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების დადგენა და მინიჭება;

კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამსახურის მართვა.

3. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შეუძლია ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის, გარემოს დაცვის სფეროში განახორციელოს ნებისმიერი უფლებამოსილება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ უფლებამოსილებას ან ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ საკუთარ უფლებამოსილებას და რომლის განხორციელებაც საქართველოს კანონმდებლობით არ გამოირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებიდან.

4. სახელმწიფოს მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის უფლებამოსილების დელეგირება დასაშვებია კანონით, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით.

5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სარგებლობს ფინანსური ავტონომიით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საქართველოს კანონის საფუძველზე შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების ნაწილი, აგრეთვე სპეციალური დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს ქონება, რომლის ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 3

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. უმაღლესი საბჭო შედგება 4 წლის ვადით არჩეული არაუმეტეს 21 დეპუტატისგან. უმაღლესი საბჭო აირჩევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები ტარდება უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს. თუ გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა ან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან 60 დღის ვადაში. არჩევნებს საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-60 დღისა ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. უმაღლესი საბჭოს დეპუტატების რაოდენობა განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, ხოლო მათი არჩევის წესი − საქართველოს კანონმდებლობით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და კანონმდებლობით. უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია.

3. უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა იმართება არჩევნებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა და მას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. უმაღლესი საბჭო მუშაობას შეუდგება, თუ დადასტურებულია უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება.

4. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება არა აქვს იმავდროულად იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრი. შეუთავსებლობის სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცით და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.

5. უმაღლესი საბჭო:

ა) იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სხვა კანონებს;

ბ) ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;

გ) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;

დ) სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის

კანონს;

ე) ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებსა და საპატიო წოდებებს;

ვ) ახორციელებს ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონს, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა, ხელს აწერს და აქვეყნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. იგი უფლებამოსილია კანონი შენიშვნებით დაუბრუნოს უმაღლეს საბჭოს. უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს, რომელთა მისაღებად საკმარისია კანონის მიღებისთვის დადგენილი ხმათა რაოდენობა. კანონის პირვანდელი რედაქციით მისაღებად საჭიროა უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. თუ მთავრობის თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა კანონს, მას ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე ან უმაღლესი საბჭოს დათხოვნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლისთანავე.

8. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის თანხმობით დაითხოვოს უმაღლესი საბჭო, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას, იგი ვერ ახორციელებს ამ კანონითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს ან მან ზედიზედ ორჯერ არ დაამტკიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. უმაღლესი საბჭოს დათხოვნა იწვევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტას. უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში მის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილებებს ახორციელებს დროებითი სახელმწიფო საბჭო, რომელსაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. დროებითი სახელმწიფო საბჭოს უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე. დროებითი სახელმწიფო საბჭოს მიერ მიღებული კანონი საჭიროებს უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებას მისი უფლებამოსილების ცნობიდან ერთი თვის ვადაში. თუ უმაღლესი საბჭო აღნიშნულ ვადაში არ დაამტკიცებს კანონს, იგი ძალადაკარგულად ჩაითვლება. უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება დათხოვნიდან არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს 90-ე დღისა. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნებს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-60 დღისა ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

9. უმაღლესი საბჭოს შიდა ორგანიზაცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით და უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული რეგლამენტით.

მუხლი 4

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შედგება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებისაგან.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცებას კენჭი ეყრება ერთიანად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ უმაღლესი საბჭო 2 კვირის ვადაში არ დაამტკიცებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია 2 კვირის ვადაში უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მთავრობის იგივე ან სხვა შემადგენლობა, რომლის დამტკიცებასაც კენჭი ეყრება 2 კვირის ვადაში.

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს, საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს, ახორციელებს ამ კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების შექმნა დასაშვებია მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით განსაზღვრულ სფეროებში.

6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე.

7. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია შეაჩეროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის ან მინისტრის აქტის მოქმედება ან გააუქმოს ეს აქტი, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ამ კანონს, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, საქართველოს კანონს ან საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს მთავრობის სამართლებრივ აქტს.

8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უფლებამოსილება უწყდება:

ა) აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ უნდობლობის გამოცხადებისას;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომისას ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტისას;

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნისას.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.

10. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, რომლის პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

მუხლი 5

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №16, 4.07.2004, მუხ. 53).

3. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ამ კანონიდან გამომდინარე ცვლილებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში. საქართველოს ორგანული კანონით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი კონსტიტუციური კანონის დამტკიცებამდე ძალაშია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მოქმედი დებულებები.

       საქართველოს პრეზიდენტი                                                                         გიორგი მარგველაშვილი

 

ქუთაისი,

13 ოქტომბერი 2017 წ.

N1325-რს