14 აპრილი

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები- დავით გაბაიძე, ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები დავით თედორაძე, ლადო მგალობლიშვილი, ილია ვერძაძე, ბათუმის ბულვარის მთავარი მებაღისა და ცნობილი დეკორატორის იასონ გორდეზიანის ძეგლის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.

        ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული მოქანდაკე ირაკლი წულაძის მიერ შექმნილი სკულპტურა კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა. იასონ გორდეზიანი 1876 წელს რაჭის მაზრის სოფელ საკაოში დაიბადა. 1911 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ვერსალის სასოფლო-სამეურნეო ნაციონალური ინსტიტუტი. მუშაობდა საფრანგეთის, ბელგიის, შვეიცარიის, ჰოლანდიის საბაღო მეურნეობებში. ამასთან, პარიზში, მსოფლიოში ცნობილი სელექციონერის - ველმორენის სათესლე-სანერგე მეურნეობაში იღრმავებდა ცოდნას. იასონ გორდეზიანი, როგორც ევროპაში აღიარებული სპეციალისტი, სამუშაოდ მიიწვიეს ლონდონის ბოტანიკური ბაღის მებაღე-დეკორატორად. 1913 წლის იანვარში ის დაბრუნდა საქართველოში და მწვანე კონცხზე ბოტანიკური ბაღის იდეის სულისჩამდგმელი და მთავარი არქიტექტორი გახდა. 1916 წელს - დაინიშნა ბათუმის გამწვანების ტრესტის დირექტორად. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული ბულვარის განახლება-განაშენიანების, მცენარეული საფარის, ახალი სათბურების, სანერგეებისა და ორანჟერეების შექმნა-მშნებელობა.

     იასონ გორდეზიანის ძეგლის ესკიზის შესაძენად ბათუმის ბულვარის ბიუჯეტიდან 4200-ლარი, ხოლო ბრინჯაოს საპარკე ქანდაკების დამზადება-განთავსებისათვის 128 174 ლარი დაიხარჯა.