03 მაისი

     აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ცოტნე ანანიძე, ლადო მგალობლიშვილი, პეტრე ზამბახიძე, სასტუმრო „რედისონში“, პრესის თავისუფლების დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრნენ.

     საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციას სახელწოდებით - „საზოგადოებრივი მაუწყებლობის გამოწვევები საქართველოში და მედიის უსაფრთხოების რაკურსები“, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აღმასრულებელი ხელისუფლების, მედიისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

     საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა ძალზე მნიშვნელოვანია. აჭარის ტელევიზიის გარდაქმნა საზოგადოებრივ მაუწყებლად საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რომელიც, ჩემი აზრით, უფრო ადრეც უნდა მიღებულიყო, - აღნიშნა თავის გამოსვლაში უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა.

     მისი განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ბოლო ანგარიშების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო თავისუფალია ხელისუფლების მხრიდან ჩარევისა და ზეგავლენისაგან, რაც მნიშვნელოვანი მონაპოვარია. ლადო მგალობლიშვილმა ისაუბრა მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ანგარიშზეც, რომლის განხილვაც აჭარის უმაღლეს საბჭოში ამჟამად მიმდინარეობს.

     საზოგადოებრივი მაუწყებლობის გამოწვევები, ქართულ მედიასივრცეში არსებული მდგომარეობა, თავისუფლების ხარისხი, ჟურნალისტური ეთიკა და სტანდარტები, მედიის უსაფრთხოების რაკურსები - იმ საკითხთა ნაწილია, რომლებზეც კონფერენციაზე გამახვილდა ყურადღება.