ბრანდენბურგის პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი აჭარაში

15 მაისი

                  

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად, ბრანდენბურგის (გერმანია) ფედერალური მხარის რეგიონული პარლამენტის, ლანდტაგის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლა.  დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ლანდტაგის პრეზიდენტი - ბრიტა შტარკი (დელეგაციის ხელმძღვანელი), ვიცე-პრეზიდენტი დიტერ დომბროვსკი, ლანდტაგში შემავალი პოლიტიკური პარტიებისა და ფრაქციების წარმომადგენლები, „ბრანდენბურგ-საქართველოს ურთიერთობის საზოგადოების“ ხელმძღვანელი პავლე შპეტიშვილი.

         ვიზიტის მიზანი უწყებებს შორის საკანონმდებლო სფეროში თანამშრომლობის  გაღრმავება და გამოცდილების გაზიარებაა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე.

     აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ თავის მისასალმებელ სიტყვაში ორ ქვეყანას შორის მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებზე და რეგიონულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და ბრანდენბურგის ფედერალური მხარის ლანდტაგს შორის თანამშრომლობა 2006 წელს დაიწყო, ხოლო 2013 წელს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომლის ფარგლებში, რეგიონებს შორის  არაერთი ერთობლივი პროექტი და ინიციატივა განხორციელდა.

     მხარეები აქვე ბრანდენბურგისა და აჭარის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის ორწლიანი სამოქმედო პროგრამის შემუშავებაზე შეთანხმდნენ, რომელიც დარგობრივ კომიტეტებს შორის აქტიურ თანამშრომლობაზე იქნება ორიენტირებული.

    გერმანელი სტუმრების ვიზიტი აჭარაში 17 მაისამდე გაგრძელდება. დაგეგმილია შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებთან.