ბათუმის ნავსადგურს მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი შეემატა

07 თებერვალი

    ბათუმის ნავსადგურში საკონტეინერო ტვირთების მიმოსვლისთვის განკუთვნილი ახალი გასასვლელი, საკონტეინერო ეზო, ახალი საკონტეინერო სატვირთო საწყობი და რკინიგზის ხაზი ამოქმედდა. ტერმინალის გახსნის ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრი ლადო მგალობლიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან - გიორგი ქობალიასთან, რეგიონის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან, საქართველოში შეიცარიის ელჩთან - პატრიკ ფრანცენთან და სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.

     ახალი მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალის მშენებლობას რამდენიმე თვე დასჭირდა. მანამდე, მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდა,  რამაც შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს“  ახალი შესასვლელით საკონტეინერო გადაზიდვებისათვის  280 მ სიგრძის შიდა ბეტონის გზის გაკეთების შესაძლებლობა  მისცა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემდეგ, საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობა 100%-ით გაიზრდება.