22 დეკემბერი

  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ჩავლეიშვილი აირჩიეს. მის კანდიდატურას კომიტეტის წევრებმა 22 დეკემბრის სხდომაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი. დღის წესრიგის პირველი საკითხი კომიტეტის თავმჯდომარემ - დავით ბაციკაძემ წარმოადგინა.

 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში  შესატანი ცვლილებების პროექტი სხდომაზე ამჯერადაც ფინანსთა და  ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.

  საბიუჯეტო ცვლილებების დეტალურად განხილვის შემდეგ, ყურადღება გამახვილდა განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტზე, რომელიც პროექტის თანახმად, 45 948,1 ათასი ლარია. მომხსენებლის განცხადებით, პანდემიის გამო გაუქმდა მთელი რიგი ღონისძიებები, შემცირდა სტუდენტთა და სტაჟიორთა უცხოეთში სწავლება-სტაჟირების პროგრამების დაფინანსება.

 კითხვა-პასუხის შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტის ბიუროზე გატანის საკითხს.