13 მაისი

13 მაისს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ აჭარისა და ქვემო სილეზიის თანამშრომლობის კომისიის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ორი მეგობარი ქვეყნის რეგიონული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და 2017-2018 წლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმა განიხილეს.

სამუშაო შეხვედრა ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალმა ცეზარ ფშიბილსკიმ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ გახსნეს. პოლონელი სტუმრის განცხადებით, აჭარასა და ქვემო სილეზიას შორის ურთიერთობა მოსალოდნელზე სწრაფად განვითარდა და ეს ორივე მხარის საერთო ძალისხმევის შედეგია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ თავის გამოსვლაში პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ კუთხით შესაბამისი ღონისძიებები გატარდება როგორც საქართველოს ცენტრალური, ისე რეგიონული ხელისუფლების მხრიდან.

აჭარისა და ქვემო სილეზიის თანამშრომლობის კომისიის სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: ქვემო სილეზიის პარლამენტის (სეიმი) თავმჯდომარე პაველ ვრუბლევსკი, ქალაქ მილიჩის საბჭოს თავმჯდომარე ზდისლავ იაშინსკი, მილიჩის ვიცე-მმართველი სალვომირ სტრელეცკი, ქვემო სილეზიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე, ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს ეკონომიკისა და მეწარმეობის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, კულტურულ-საგანმანათლებლო, სამედიცინო და სხვა მიმართულებით თანამშრომლობის კონკრეტული ღონისძიებები. დაიგეგმა ოფიციალური ვიზიტებიც, რომელთა მიზანი სხვადასხვა სფეროში ერთობლივი პროექტების შემუშავება-რელიზებაა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.