17 ნოემბერი

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით მე-19 სხდომაზე, დღის წესრიგის პირველ საკითხად 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულება მიმოიხილეს. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - მარინე გვიანიძის მიერ წარმოდგენილი საკითხი ბიურომ ცნობად მიიღო.

ბიურომ მხარი დაუჭირა ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების თაობაზე მომზადებული კანონის პროექტისთვის ვადის გაგრძელებას.

18 ნოემბრის მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტის განსაზღვრის შემდეგ, ბიუროს წევრებმა განიხილეს და ცნობად მიიღეს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა.

ამავე სხდომაზე განიხილეს და მიიღეს უმაღლესი საბჭოს 2021-2024 წლების ინსტიტუციური განვითარების სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და ასევე, ამავე წლების საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ორივე დოკუმენტი, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ოფიცერმა - ირინე ურუშაძემ წარმოადგინა, UNDP- ისა და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერითაა მომზადებული.