04 ივნისი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძე, ხულოს მუნიციპალიტეტში „სელიმობის“ ტრადიციულ დღესასწაულს დაესწრნენ.

  საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული სელიმ ხიმშიაშვილის უკვდავსაყოფად ტრადიციად დამკვიდრებული სახალხო ზეიმის აღნიშვნა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულიდან დაიწყო. რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ხულოს თვითმმართველობის, სამეცნიერო წრეების, საზოგადოების წარმომადგენლებმა ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს გმირი მამულიშვილის საფლავი და შემდეგ სხალთაში გადაინაცვლეს, სადაც ხიმშიაშვილთა საგვარეულოს კიდევ ერთი სახელოვანი წარმომადგენლის - შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.

 ტრადიციული დღესასწაული სერიყანაში გაგრძელდა. ღონისძიების მონაწილეებმა ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს ის ადგილი, სადაც 1815 წლის 3 ივნისს სელიმ ხიმშიაშვილს თავი მოკვეთეს. ამის შემდეგ ღონისძიება ბაკოს საჯარო სკოლის ეზოში საზეიმო ღონისძიებითა და კონცერტით გაგრძელდა.

  სელიმ ხიმშიაშვილის ღვაწლზე ისაუბრეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძემ, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, მეცნიერებმა. სახალხო ზეიმი „სელიმობა“ აჭარაში 2005 წლიდან აღინიშნება.