06 ივნისი

  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტმა, „აჭარის მუნიციპალიტეტების მაღალმთიანი დასახლებების, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის თაობაზე”,  უმაღლეს საბჭოში ელექტრონულად შემოსული მორიგი პეტიცია განიხილა.

  პეტიცია კანონმდებლებს კომიტეტის თავმჯდომარემ -  დავით ბაციკაძემ გააცნო. პეტიციის მიღების მიზეზებზე, მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა ავტორმა -  იზა ფუტკარაძემ. მისი განცხადებით, შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლებისთვის ინტერნეტის უქონლობამ, პანდემიის დროს დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები. დისტანციური სწავლების უზრუნველსაყოფად, მათ საკმაოდ შორ მანძილზე უწევდათ გადაადგილება.

 პეტიციასთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს თავისი მოსაზრებები გააცნო არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელმა - ასლან ჭანიძემ.

 კომიტეტის გადაწყვეტილებით, პეტიცია აჭარის მთავრობას გადაეგზავნება.