30 სექტემბერი

  ბათუმს კიდევ ერთი სკოლა შეემატება - ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, დემეტრე თავდადებულისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩების კვეთასთან, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის დაწყების ნიშნად, სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს.

  საზეიმო ღონისძიებაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ განათლების ხელშეწყობა-განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და საკანონმდებლო ორგანოს სახელით, მსგავსი პროექტების მხარდასაჭერად მზაობა გამოთქვა.

 პროექტით, რომლის ღირებულება დაახლოებით 7 მილიონი ლარია, 3-სართულიანი, სრულიად ადაპტირებული სკოლა 1 400 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. კეთილმოწყობილ საკლასო ოთახებთან ერთად, დაგეგმილია სპორტული და სააქტო დარბაზების, ბიბლიოთეკის, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეებისა და ღია მოედნის მოწყობა. სამუშაოები 2024 წელს დასრულდება.

  სკოლის საძირკველში კაფსულის ჩაშვების ღონისძიებაში  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი და ქალაქ ბათუმის მერი - არჩილ ჩიქოვანი მონაწილეობდნენ.