23 მაისი

          23 მაისს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა, რომელზეც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველის კვარტლის შესრულების ანგარიშით  ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე წარსდგა.

          მომხსენებლის განცხადებით, 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა 37 403,1 ათასი ლარით იყო განსაზღვრული და საანგარიშო პერიოდში მისმა ფაქტობრივმა შესრულებამ 69 095, 6 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 184,7 %-ია. მინისტრის განმარტებით, ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით 131,3 %-თაა გაზრდილი.    

      როგორც რამაზ ბოლქვაძემ აღნიშნა, რესპუბლიკური ბიუჯეტი 180, 6 %-ით შესრულდა გადასახადების ნაწილში. გარდა ამისა, მან წარმოადგინა თითოეული სამინისტროს მიერ  საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებიც. აღინიშნა, რომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ამ დროისათვის ბიუჯეტი - 87,4, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ - 82, 7, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ - 82, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი - 72,4 %-ით შეასრულა.

       გაერთიანებულ სხდომას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ოთხივე მინისტრი ესწრებოდა.

          მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებლების შეკითხვებს, რის შემდეგაც კომისიებმა მინისტრის ანგარიში ცნობად მიიღეს.