20 ივნისი

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ,   2017 წლის  19 ივნისს, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების ამოქმედების ხელშეწყობისთვის უნისეფის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც  „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ევროკავშირისა და გაეროს საერთო პროექტის ფარგლებში ბათუმის მუნიციპალიტეტში გაიმართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ბავშვთა ძალადობისგან დაცვის მექანიზმებზე, სხვადასხვა პასუხისმგებელი სტრუქტურის მიერ კონკრეტულ ღონისძიებებზე, ვალდებულებათა გადანაწილებაზე და კოორდინაციის აუცილებლობაზე.

2013 წლის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 9%-ს მიაჩნდა რომ ბავშვთა ძალადობის შემთხვევაში უნდა მიემართათ სოციალური მუშაკისთვის, თელავში და ზუგდიდში 24%-მდე გაიზარდა ნიშნული, ჩავრთავ პოლიციას - უპასუხა 24%-მა, დირექტორებისა და მასწავლებლების  უმრავლესობა - 60% კი მიიჩნევს, რომ უნდა ჩართოს მშობელი.

2012 წლის კანონმდებლობით ბავშვთა ძალადობისგან დაცვა ევალებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს და სოციალური მომსახურების სააგენტოს, შემდეგ გაფართოვდა წრე და ვალდებულება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის,  სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებსა და მინიციპალიტეტებსაც დაეკისრათ.

დაბალი მომართვიანობის გამო, პრობლემას წარმოადგენს თავად ძალადობის ფაქტის გამოვლენა, ამ თვალსაზრისით, მუნიციპალიტეტის უბნის წარმომადგენელი სამსახურეობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩაერთვება ოჯახში ძალადობის გამოვლენის კუთხით, ხოლო სოციალური მუშაკი მოახდენს შემდგომ რეაგირებას.

2010 წელს, პრობლემის აღმოსაფხვრელად, სამწუხაროდ, სახელმწიფომ  არა ოჯახის მხარდამჭერი, არამედ დამტუქსავი პოლიტიკა გაატარა - აღნიშნეს დარგის ექსპერტებმა.

ცოტნე ანანიძემ მედია მაუწყებლის უმნიშვნელოვანეს როლზე გაამახვილა ყურადღება, რაც აუცილებელ საშუალებად განიხილა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით: „ვერ ვხედავ კარგი გაგებით აგრესიულ კამპანიას, საზოგადოებრივ მაუწყებელზე უნდა არსებობდეს ცნობიერების ამაღლების სოციალური რეკლამები, გადაცემები, კერძოდ, ბავშვის აღზრდის მართებულ  ფორმაზე, ერთგვარი მშობლობის კურსის სახით“ - აღნიშნა მან.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, აჭარის პროკურატურის, აჭარის ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლები, სასულიერო და სხვა დაინტერესებული პირები.