10 ივლისი

       

       10 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის  უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის სააქტო დარბაზში,  წარჩინებულ მოსწავლეთა მედლებით დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრნენ.

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ  წარჩინებულ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს  წარმატება მიულოცა და შემდგომი წინსვლა უსურვა. საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის  წევრებმა ახალგაზრდებს ოქროსა და ვერცხლის მედლები და სიგელები გადასცეს.

        მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს პროექტს სახელწოდებით -„ წარჩინებულ მოსწავლეთა მედლებით დაჯილდოების ქვეპროგრამა“, რომლის მიზანი აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენაა.

       აჭარაში 2015-2016 სასწავლო წელი წარჩინებით დაასრულა და ოქროს მედალი დაიმსახურა 166-მა კურსდამთავრებულმა, 92-ს კი ვერცხლის მედალი გადაეცა.