07 სექტემბერი

                      

       გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან: ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები - ვახტანგ წულაძე (დელეგაციის ხელმძღვანელი), ნინო ჩხეტია, ელგუჯა ბაგრატიონი, გიორგი რომანაძე, დავით თედორაძე, ირაკლი ჭეიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის დეპარტამენტის წარმომადგენელი სულხან დუმბაძე, აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე, 5 სექტემბერს ბრანდენბურგის ფედერალური მიწის ლანდთაგში საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

         ბრანდენბურგის ფედერალური მიწის ლანდთაგის პრეზიდენტმა ბრიტა შტარკმა თავის მისასალმებელ სიტყვაში საქართველო-გერმანიას შორის 25-წლიანი ურთიერთობა შეაფასა და სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.

       საზეიმო მიღების მონაწილეებს მიესალმა აჭარის დელეგაციის ხელმძღვანელი, აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე. მან თავის გამოსვლაში განსაკუთებული ყურადღება გაამახვილა რეგიონულ თანამშრომლობაზე და ამის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად აჭარისა და ბრანდენბურგის ურთიერთობები დაასახელა.

        გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ლადო ჭანტურიას შეფასებით, ორ ქვეყანას შორის საქმიან და მეგობრულ ურთიერთობებს უდიდეს მინიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ ევროპისა და სრულიად მსოფლიოსთვის.

                    საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ, ლანდთაგში შემავალი პოლიტიკური პარტიებისა და გაერთიანებების, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, გერმანიაში საქართველოს საელჩოსა და ბრანდენბურგ-საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლები.