11 იანვარი

    აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის 11 იანვრის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

    აჭარის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 26 იანვრის N 22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (ინიციატორები: უმაღლესი საბჭოს წევრები - ვახტანგ წულაძე, ნუგზარ სურმანიძე) უმაღლესი საბჭოს წევრმა ნუგზარ სურმანიძემ წარმოადგინა. კომისიამ მხარი დაუჭირა საკითხის უახლოეს რიგგარეშე სესიაზე განხილვას.

    კომისიის გადაწყვეტილებით, კანონის პროექტი  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე (ინიციატორები: უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით გაბაიძე, ნინო ჩხეტია) უახლოეს რიგგარეშე  სესიაზე განიხილება. საკითხი სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა ნინო ჩხეტიამ წარადგინა. 

    კომისიის თავმჯდომარემ სხდომაზე განსახილველად ასევე წარმოადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის მიზნით შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი. ნინო ჩხეტიას განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას უმაღლესი საბჭოს 14 წევრი აწერს ხელს. კომისიის გადაწყვეტილებით, შესაბამისი დასკვნა უმაღლესი საბჭოს ბიუროს წარედგინება.