ქართველი და პოლონელი ფოტოგრაფების პროექტი

17 თებერვალი

                     

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ქართველი და პოლონელი ფოტოგრაფების ერთობლივი პროექტის დასკვნით ღონისძიებას დაესწრო.

     უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თავის მისასალმებელ სიტყვაში საქართველო-პოლონეთს შორის მრავალმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი მეგობარი ქვეყნის ფოტოხელოვანების ერთობლივი პროექტი კულტურათა დიალოგის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია.

     პროექტი სახელწოდებით - „ფოტოგრაფიული მოგზაურობა, ფოტოების დიალოგი“ ბათუმის თანამედროვე ხელოვნებისა და ვროცლავის კულტურისა და ხელოვნების ცენტრებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. ამავე მემორანდუმის საფუძველზე ჩატარდა პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალიც.

       პროექტის დასკვნით ეტაპზე ფოტოხელოვნების მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ქართველი და პოლონელი ფოტოგრაფების ნამუშევრები, რომლებიც გამოფენის „Dialog Obrazov” კატალოგში განთავსდება.