ფურტიოში ახალი სკოლა გაიხსნა

11 აპრილი

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ლადო მგალობლიშვილი, ხვიჩა შარაშიძე, დავით თედორაძე, გიორგი მანველიძე, ილია ვერძაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.

    სასწავლო დაწესებულება, რომელიც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში აშენდა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს პარალმენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ გახსნეს.

    კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კაბინეტი, სპორტული დარბაზი 250 მოსწავლეზეა გათვალისწინებული. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, სრულადაა კეთილმოწყობილი სკოლის მიმდებარე ტერიტორია, დაიგო ბეტონის მონოლითური საფარი, გაკეთდა ლითონის კვადრატული ღობე.

    სასწავლო დაწესებულებაში, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამავე სკოლის ერთ-ერთი პირველი მოსწავლის, დამსახურებული პედაგოგის, დირექტორისა და მოღვაწის ლევან ბერიძის სახელი მიენიჭა, ამჟამად 129 მოსწავლე და 33 პედაგოგია. ფურტიოს სკოლა რეგიონში ერთ-ერთი ისტორიული სასწავლო კერაა, რომელიც არსებობის ათეულ წლებს ითვლის. 1922-23 წლებში გახსნილ დაწყებით სკოლაში, სადაც არაერთი თაობა აღიზარდა, სხვადასხვა დროს საქართველოს რეგიონებიდან მოწვეული პედაგოგები მოღვაწეობდნენ.