აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ახორციელებს საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
უმაღლესი საბჭო შედგება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეების მიერ საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით პროპორციული სისტემით არჩეული 15 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 6 დეპუტატისაგან.
უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები ტარდება უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს. თუ გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა ან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან 60 დღის ვადაში. არჩევნებს საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-60 დღისა ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც. უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც სასამართლოს განაჩენით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა.
პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში უმაღლესი საბჭოს წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო:
ა) იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა კანონებს;
ბ) ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;
გ) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;
დ) ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებს და საპატიო წოდებებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.