13 აპრილი

13 აპრილს, ქედის მუნიციპალიტეტში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა და მას რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე, ამავე კომისიის წევრები - გიორგი რომანაძე, გიორგი მანველიძე, ზემო აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ხვიჩა შარაშიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქედის მოსახლეობისთვის გამართულ შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში 2017 წელს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ვრცელი ინფორმაცია წარადგინა ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ. მისი განცხადებით, წელს ქედის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, შეიქმნება მომსახურების ცენტრი, სადაც ფერმერთა მიერ წარმოებული ნამეტი პროდუქცია გადამუშავდება, შეიფუთება და საბაზრო სახე მიეცემა. აღნიშნული ქვეპროგრამისთვის ბიუჯეტში 2 644 540 ლარია გათვალიწინებული.

მინისტრის განცხადებით, ქედის მოსახლეობა ასევე ისარგებლობს მაღალეფექტური მრავალწლიანი კულტურების გაშენების ხელშეწყობის პროგრამით. თანადაფინანსების პრინციპით, 76.8 ჰა-ზე კაკლის ბაღების წარმატებით გაშენების მიზნით, რეგიონის ფერმერებსა და აგრომეწარმეებს გადაეცათ 25 344 ძირი კაკლის ნერგი. გარდა ამისა, ქედელი ფერმერები ისარგებლებენ კარტოფილისა და ნივრის სარგავი მასალის პროგრამითაც, რომლის ფარგლებში, მათ A კლასის ჰოლანდიური კარტოფილის სარგავის მასალის გარდა, გადაეცემათ სასუქი და ჰერბიციდები. ლაშა კომახიძის განცხადებით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში დარიგებულია 40 ტ კარტოფილის სარგავი მასალა.

-ამ დღეებში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ ქედის მოსახლეობასთან ორგანიზებული შეხვედრისას გამოიკვეთა საკითხები, რომლებიც სწორედ სოფლის მეურნეობის რიგ მიმართულებებს შეეხებოდა. ჩვენ მაშინ დავპირდით ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომ ამ საკითხებზე სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ვიმსჯელებდით. თქვენი მოსაზრებები და წინადადებები, შესაძლებლობების ფარგლებში, აისახება მომავალი წლის ბიუჯეტში და ამ შეხვედრის მიზანიც სწორედ ეს გახლავთ, - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

შეხვედრის მონაწილეებს აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ. ფერმერებმა მათთვის საინტერესო კითხვებსა და პრობლემატურ საკითხებზე პასუხები და განმარტებები უშუალოდ აჭარის უმაღლესი საბჭოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებისგან მიიღეს.