22 აგვისტო

       აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, მონიტორინგის მიზნით, ბათუმის N 3 საპყრობილეში პატიმრებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
      უმაღლესი საბჭოს წევრი პენიტენციურ დაწესებულებაში თითქმის ოთხი საათი იმყოფებოდა. მისი განცხადებით, პატიმრები, ძირითადად, კვლავ სამედიცინო დახმარებას ითხოვენ. რამდენიმემ მისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებით დეპუტატის ჩარევის შემდეგ ისარგებლა. საუბარი შეეხო ყოველდღიურობაში წარმოქმნილ ახალ გამოწვევებსა და პრობლემებსაც, მათ შორის წერილების დაგვიანების, გასეირნების შეზღუდვისა და პატიმართა სხვა უფლებების რეალიზებას. 

       ცოტნე ანანიძე შეხვდა და ესაუბრა პატიმარს, რომელმაც თვითდაზიანება მიიყენა, თუმცა, პროტესტის ამგვარად გამოხატვის მიზეზი საპყრობილეში მისდამი ცუდი მოპყრობა არ ყოფილა.

      დეპუტატმა, ოჯახის წევრების თხოვნით, მოინახულა  ონკოლოგიური დაავადების მქონე პატიმარიც და მის პრობლემებს გაეცნო.
     საკნებში მონიტორინგის დასრულების შემდეგ, გარკვეული საკითხების ადგილზე ოპერატიულად მოგვარების მიზნით, ცოტნე ანანიძე პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს შეხვდა. გარდა ამისა, ადგილიდანვე კონსულტაციები გაიმართა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთანაც.

        ცოტნე ანანიძე მონიტორინგს სამომავლოდაც გეგმავს. ეს პატიმრებთან დეპუტატის რიგით მე-9 შეხვედრა გახლდათ, ამჯერად მან 12 მსჯავრდებული მოინახულა.