16 დეკემბერი

  16 დეკემბერს, მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების პირველი სხდომები გაიმართა. უმთავრესი საკითხი, რომელზეც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ,  საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტებმა იმსჯელეს, ამავე კომიტეტების დებულებები იყო. პროექტები უმაღლესი საბჭოს ბიუროს წარედგინება.

 დებულების გარდა, უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებლობის შესახებ საკითხი განიხილეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტის თავმჯდომარის - ვლადიმერ მგალობლიშვილის განცხადებით და კომიტეტის გადაწყვეტილებით, შესაბამისი წერილები ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს ყველა წევრს გადაეგზავნება.

  რაც შეეხება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“  კანონის პროექტის განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხს, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, საკითხი უმაღლესი საბჭოს ბიუროს წარედგინება.