22 დეკემბერი

  საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი მხარს უჭერს მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას. შესაბამისი გადაწყვეტილება კანონმდებლებმა 22 დეკემბრის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე უძღვებოდა.

 ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის - ჯაბა ფუტკარაძის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური  ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, უპირველესად, პანდემიიდან გამომდინარე პრევენციულ ღონისძიებებზეა გათვლილი. ამ მიზნით გათავალისწინებულია როგორც საკარანტინე სივრცეებში, ისე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული მედპერსონალის ანაზღაურება, კოვიდმედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხები, ასევე რესპუბლიკური საავადმყოფოსათვის დამატებით 2 გენერატორის შეძენა.

  ვირუსით გამოწვეული შეუსრულებელი ღონისძიებების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 22 მილიონ 400 ათას ლარს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გადაუნაწილებს აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტს. ამასთან, ავტონომიურ რესპუბლიკაში შეუფერხებლად გაგრძელდება ყველა პროექტი და პროგრამა, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.

  მომხსენებელმა ცვლილებების პარალელურად, უპასუხა კომიტეტის წევრთა შეკითხვებს, რომელთა ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ნაწილი კი პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევის საკითხებს მოიცავდა.