25 დეკემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობა 14 ხმით, ერთის წინააღმდეგ, დამტკიცებულია. ახალ შემადგენლობას უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მხოლოდ დამოუკიდებელმა დეპუტატმა - ირაკლი ჩავლეიშვილმა არ დაუჭირა მხარი.

 კენჭისყრამდე კანონმდებლებმა მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს მოუსმინეს. თორნიკე რიჟვაძემ კოვიდპანდემიის პირობებში მოქალაქეების გართულებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის სასურსათო კალათებით და მედიკამენტებით უზრუნველყოფა მომავალი წლიდან პროგრამულ სახეს მიიღებს. რაც შეეხება პოსტპანდემიურ პერიოდს, ტურიზმის სექტორის მაქსიმალური ხელშეწყობა ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება, ვინაიდან ეკონომიკურ აღმავლობას მნიშვნელოვნად სწორედ ეს სფერო განაპირობებს. მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა საინვესტიციო პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც  არ შეფერხებულა, ისაუბრა ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სოფლის მეურნეობის  მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებზე.

 მომხსენებლის თქმით, ახალი მთავრობის უმთავრესი საზრუნავი უმუშევრობის მინიმუმამდე შემცირებაა. ამ მიზნით 2024 წლისათვის 10 000-მდე სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება. მთავრობის ამბიციური გეგმა 30 %-იან ეკონომიკურ ზრდას ითვალისწინებს.

 კითხვა-პასუხის და გამოსვლების შემდეგ, დავით გაბაიძემ პოლიტიკური შეფასების პარალელურად, იმ კრიტრიუმებზე გაამახვილა ყურადღება, რისთვისაც მთავრობის შემადგენლობას უცხადებს ნდობას. მისი თქმით,  ეს კრიტერიუმებია: პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და გამოცდილება. „ჩვენ არ გვაქვს ექსპერიმენტების დრო, მსოფლიო უმძიმეს მდგომარეობაშია და მთავრობის ამ შემადგენლობამ პანდემიის ფონზე, ძალზე დაძაბულ რეჟიმში მაქსიმუმი შეძლო“.

  სხდომაზე  კანონმდებლებმა ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ» რეგლამენტის პროექტი გამარტივებული წესით განიხილეს. საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვლადიმერ მგალობლიშვილის მიერ წარმოდგენილი პროექტი 15 ხმით დამტკიცდა.