27 მაისი

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში - განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის - მაია ხაჯიშვილის მოხსენება მოისმინეს სამინისტროს საქმიანობის შესახებ.

როგორც მომხსენებელმა  აღნიშნა, პანდემიამ განსაკუთრებული ზეგავლენა იქონია განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით 2020 წლისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელებაზე. სწორედ ამიტომ სამინისტრომ მიზნად დაისახა აღნიშნულ სფეროებში დასაქმებული ადამიანების სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერა, სოციალური პროგრამების შეუფერხებელი განხორციელება და ინფრასტრუქტურული პროექტების მოცულობის გაზრდა, რაც მნიშვნელოვანი იყო ათასობით ადამიანის დასაქმებისათვის.

განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ხარისხის გაზრდის მიზნით, განათლების ხუთივე საფეხურზე, განხორციელებული ღონისძიებები  შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისა და კვალიფიციური კადრების მომზადებისთვის, მუნიციპალიტეტებში ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, უმაღლესი სასწავლებლებისა და პროფესიული სწავლების მხარდაჭერისთვის, სასწავლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და რიგი უმნიშვნელოვანესი მიმართულებით განხორციელებული პროგრამების წარდგენის შემდეგ, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულად მომზადებული შეხვდა სწავლის განახლებას და დააკმაყოფილა  ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. ამასთან, სამინისტროში ჩამოყალიბდა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც რესურსცენტრებთან ერთად, მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს.

მინისტრის მოხსენებაში სათანადო ადგილი დაეთმო კულტურისა და სპორტის სფეროებში  გამოწვევების საპასუხოდ განხორციელებულ ღონისძიებებსა და პროგრამებს, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისა და რიგი სხვა მიმართულებით რეალიზებულ თუ მიმდინარე პროექტებს, დღეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მიზნით დაგეგმილ აქტივობებს.

ძირითადი მოხსენების შემდეგ მინისტრმა უპასუხა უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები ცალკეულ სფეროებში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

„ ჩვენს ქვეყანას, ყველაზე მეტად, რაც შეიძლება მეტი განათლებული ადამიანი სჭირდება. ეს სფერო, პანდემიის პირობებში, ჯანდაცვის მძევალი აღმოჩნდა, თუმცა მინისტრმა და მისმა გუნდმა მაქსიმალური გააკეთეს“, - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

 ანონმდებლებმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს.

სხდომას მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს ცალკეული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.