07 ივნისი

ავსტრიული კულტურის კვირეულის ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის  საჯარო ბიბლიოთეკაში „ავსტრიული კუთხე“ გაიხსნა.

საზეიმო ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან - მაია ხაჯიშვილთან და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან - არჩილ ჩიქოვანთან ერთად დაესწრო.

 „ავსტრიული კუთხის“ გახსნას, საპატიო სტუმრის სტატუსით, ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში თომას მიულმანი ესწრებოდა.

ახალი საგანმანათლებლო კუთხის მიზანი ავსტრიული კულტურის პოპულარიზაცია, ამ მიზნით რიგი საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვა და ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გამრავალფეროვნებაა.

 „ავსტრიული კუთხის“ გახსნის პარალელურად, ბიბლიოთეკის სტუმრები, ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის  -  ბერტა ზუტნერისადმი მიძღვნილი გამოფენასა და მისი წიგნის - „წერილები საქართველოდან“  პრეზენტაციას დაესწრნენ.

ავსტრიული კულტურის კვირეული საჯარო ბიბლიოთეკაში 7-11 ივნისს ჩატარდება.