24 ივნისი

 დასრულდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტების სამოქმედო გეგმების განხილვა, რომელშიც საკანონმდებლო ორგანოს, აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო, კერძო სექტორის წარმომადგენლები და სამიზნე ჯგუფები მონაწილეობდნენ.

 კომიტეტების  ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შემუშავება, ფართო კონსულტაციებისა და დაინტერესებული პირების აქტიური მონაწილეობით, უმაღლეს საბჭოში მიმდინარე სტრატეგიული დაგეგმარების ნაწილია, რომელსაც წინ უძღოდა სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები კომიტეტების წევრებისა და აპარატების თანამშრომლებისთვის.

 სამოქმედო გეგმების შემუშავება-გამოქვეყნება აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებაა.  საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე რეფორმები ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“  ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანი უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერებაა.

 სამოქმედო გეგმები, რომელთა განხილვა სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, კომიტეტების საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების შესრულებაზე, მათი საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ზრდაზეა ორიენტირებული.