26 ივნისი

„პანდემიამ შეცვალა თანამედროვე მსოფლიო, შეცვალა ჩვენი ცხოვრებისა და მუშაობის სტილი. ეს აისახა თითქმის ყველა სფეროზე, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორსა და სასტუმრო ბიზნესზე. პანდემიის დასაწყიში, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რასთან გვქონდა საქმე და რთული იყო ფიქრი საბოლოო შედეგებზე, ძალიან დიდი გამბედაობისა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაგალითები აჩვენა სასტუმროების ბიზნესმა, მადლობა მათ ამისათვის“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ სასტუმრო „შერატონში“ საკარანტინო სასტუმროების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგელობისათვის მადლობა გადაუხადა რიგითი მოქალაქეებიდან დაწყებული ყველას, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა უხილავ მტერთან ბრძოლაში.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საკარანტინე პროექტში ჩართული 60 სასტუმროს წარმომადგენელს ჯილდოები აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და თორნიკე რიჟვაძემ, მთავრობის წევრებმა, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა -არჩილ ჩიქოვანმა და საკარანტინო სივრცეების მართვის პროცესში ჩართული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა გადასცეს.