01 ივლისი

 აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე სასტუმრო „რედისონში“ წიგნის - „არჩევნების ისტორია აჭარაში“ და ჟურნალის - „არჩევნები და დემოკრატია“ წარდგენას დაესწრო.

 ღონისძიების მონაწილეებს აჭარის საკანონმდებლო ორგანოსა და უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და პარმენ ჯალაღონია, ევროპის საბჭოს არჩევნების და სამოქალაქო საზოგადოების განყოფილების ხელმძღვანელი - მარკუს ადელსბახი (ონლაინ) და წიგნის ავტორი - ირაკლი ირემაძე მიესალმნენ. გამოცემების მნიშვნელობაზე ისტორიკოსმა, ასოცირებულმა პროფესორმა - ემზარ კახიძემ ისაუბრა.

 პერიოდული ჟურნალი - „არჩევნები და დემოკრატია“ ევროპის საბჭოს პროექტის - „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, უსკოს ინიციატივით გამოიცემა. ჟურნალის მეორე ნომერში დაინტერესებული მკითხველი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის - დავით გაბაიძის მიმოხილვას იხილავს საარჩევნო რეფორმასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

 რაც შეეხება  ირაკლი ირემაძის ავტორობით გამოცემულ წიგნს, ის საარქივო მასალებზე დაყრდნობით, აჭარაში ჩატარებული არჩევნების 132-წლიან ისტორიას ასახავს.

 წარდგენას უმაღლესი საბჭოს წევრები - ტიტე აროშიძე და მედეა ვასაძე ესწრებოდნენ.