11 აგვისტო

 11 აგვისტოს, ბათუმში, შინდისის გმირების სახელობის სკვერში, 2008 წლის ომიდან 13 წლისთავზე, სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ამ დღეს, სენაკის მეორე ბრიგადის 17 ჯარისკაცი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, მტერთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. ეს დღე საქართველოს უახლოესი ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი და სისხლიანი თარიღია.

 გმირთა მემორიალური დაფა ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და თორნიკე რიჟვაძემ.

 შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამშობლოსათვის თავდადებულთა ხსოვნას.

 გმირთა სახელობის სკვერში, ხელისუფლების წარმომადგენლები, შინდისში დაღუპული 17 გმირი მეომრის ხსოვნის უკვდავსაყოფად, ტრადიციულად, 17 ხის ნერგს დარგავენ.

 ღონისძიებას რეგიონის მთავრობის წევრები, ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის, საზოგადოების წარმომადგენლები, სამხედრო მოსამსახურეები ესწრებოდნენ.