10 მარტი

 „გარემოს დაცვაზე ზრუნვა არის გრძელვადიანი და მნიშვნელოვანი პროცესი. ჩვენი ვალია  ყოველდღიურ რეჟიმში ვიზრუნოთ რისკების შემცირებაზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის ეკოლოგიურ გარემოს. მოხარული ვარ, რომ  საკითხის ირგვლივ სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად გაერთიანებულია არასამთავრობო სექტორი  და ერთიანი ძალებით მიმდინარეობს საზღვაო ნარჩენებისგან მიღებული შესაძლო რისკების შესწავლა, მათი აღმოფხვრის გზების ძიება“- აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება და საზღვაო ნარჩენების შემცირება შავი ზღვის ეკოსისტემის დასაცავად“ (LitOUTer) გაიმართა.

 ტიტე აროშიძე  უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

 სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა პარტნიორი ქვეყნებისთვის პროექტის მიზნების, მისი მიმდინარეობის, განსახორციელებელი ღონისძიებების და მიღწეული შედეგების გაცნობას. ღონისძიებას პროექტის პარტნიორი ქვეყნების - საქართველოს, თურქეთის, რუმინეთის და ბულგარეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.