11 მარტი

 ლადო მგალობლიშვილმა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი - „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

 აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, ცვლილება კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათს ეხება, რომელშიც აუცილებელია აღინიშნოს კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე.

 „კანონის ზემოაღნიშნული ჩანაწერი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებისას, მის ავტორს ავალდებულებს დასაინიცირებელი კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასებას საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) მხოლოდ სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არსებობს კიდევ ერთი დონის ბიუჯეტი - ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური, მიზანშეწონილია, თითოეული კანონპროექტის განმარტებით ბარათში, ასევე აღნიშნული იყოს თუ რა გავლენას მოახდენს კონკრეტული კანონპროექტი ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზეც“, - აღნიშნა ლადო მგალობლიშვილმა.