16 მარტი

 სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოსა და  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამართლის უზენაესობის პროგრამის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე.

 გენდერული საბჭოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებზე, მიზნებსა და ამოცანებზე სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა ამავე საბჭოს თავმჯდომარემ ფატი ხალვაშმა. საბჭოს წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს აჭარაში მოქმედი „ქალთა ოთახების“ საქმიანობაზე, მათი გაძლიერება-ხელშეწყობის აუცილებლობასა და  ამ კუთხით გასატარებელ შესაბამის ღონისძიებებზე.

 საქართველოში USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ და ამავე პროგრამის  სხვადასხვა მიმართულების მენეჯერებმა,  პროგრამის ფარგლებში, გენდერის თვალსაზრისით შესაძლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს და აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოსთან აქტიური ურთიერთობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. დაიგეგმა ერთობლივი შეხვედრა რეგიონში მოქმედი „ქალთა ოთახების“ წარმომადგენლებთან, მათი საჭიროებების უკეთ შესწავლისა და მხარდაჭერის მიზნით.

 (USAID) სამართლის უზენაესობის 5-წლიან პროგრამას საქართველოში  აშშ-ში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია - აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტი (EWMI) პარტნიორ ორგნიზაციებთან ერთად ახორციელებს. 25 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის მიზანი საქართველოში მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის,  ასევე მართლმსაჯულებაზე ყველასათვის ხელმისაწვდომობისა და ამ ინსტიტუტებზე მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერებაა. პროგრამა იანვარში დაიწყო და 2026 წლის ბოლოს დასრულდება.