21 მარტი

 დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა - ილია ვერძაძემ და ფატი ხალვაშმა, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილესთან - ზურაბ თენიეშვილთან ერთად, ირმა ხვიჩიას სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებს მიულოცეს.

 ილია ვერძაძის განცხადებით, ინკლუზია ნიშნავს არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, არამედ ყველა ადამიანისთვის თავისუფალ, თანასწორ, მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას. უმაღლესი საბჭოს წევრმა თავის მისასალმებელ სიტყვაში უკრაინაში მიმდინარე ომზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ასზე მეტი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა და სოლიდარობა გამოუცხადა გმირ უკრაინელ ხალხს.

  უკრაინის დროშის ფერებში გადაწყვეტილ დარბაზში მხიარულება პატარების საყვარელმა ანიმატორებმა შემოიტანეს, საზეიმო ტორტის გაჭრის შემდეგ კი, ცენტრის 20 ბენეფიციარს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

 ღონისძიების დასასრულს, პატარებმა, უფროსებთან ერთად, ცენტრის ეზო დეკორატიული ყვავილებით გაალამაზეს.