25 მარტი

 „ერთი თვეა განსაცდელშია ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხი. რუსული საოკუპაციო ძალების აგრესიას ეწირებიან უდანაშაულო ბავშვები, ქალები, მოხუცები, იბომბება ჩვენი მეგობარი ქვეყნის ქალაქები, სოფლები. ეს ყველაფერი სცდება ყოველგვარ ადამიანურ, ჰუმანურ ზღვარს და ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს“, - ამ სიტყვებით დაიწყო აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომა ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ - ფრიდონ ფუტკარაძემ, რომლის გამოსვლის შემდეგ, კომიტეტის წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ომში დაღუპულებს.

 კანონმდებლებმა სხდომაზე განიხილეს და ცნობად მიიღეს საქართველოს პარლამენტიდან შემოსული კანონპროექტები, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრების მიერაა ინიცირებული.

 სხდომაზე, ბოლო საკითხად აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დებულების პროექტი და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა განიხილეს. ფრიდონ ფუტკარაძის ინიციატივით, საბჭოს პირველი სხდომა უახლოეს მომავალში დაიგეგმა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

 სხდომაზე სულ დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილეს, რომლებიც  კომიტეტის თავმჯდომარემ - ფრიდონ ფუტკარაძემ წარმოადგინა.