04 აპრილი

 ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ხვნა-თესვის“ პროგრამასთან დაკავშირებით გამართულ  სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა.

 შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, შესაბამისი სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 როგორც აღინიშნა, მუნიციპალიტეტში ხვნა-თესვის პროგრამა მეორე წელია ხორციელდება და შარშან, მის ფარგლებში, 220 ჰა მიწის ნაკვეთი დამუშავდა. წელს ანალოგიური სამუშაოები 250 ჰა მიწის ნაკვეთზე ჩატარდება.

 დასამუშავებელი ტერიტორიების შერჩევის რეკომენდაციების პარალელურად, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს დაგეგმილი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი გადაეცათ.

 ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, ანალოგიური შეხვედრა გაიმართა შუახევის მუნიციპალიტეტშიც. პროგრამას, რომელიც ჩვენი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უსასყიდლოდ დამუშავებას ითვალისწინებს, აჭარის  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“ ახორციელებს.