უმაღლესი საბჭოს მორიგი პლენარული სხდომა, დეპუტატების განცხადებების შემდეგ, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების განხილვით დაიწყო. უმაღლესი საბჭოს წევრის - დავით გაბაიძის მიერ წარმოდგენილი კანონის პროექტი, გამარტივებული წესით (ერთი მოსმენით), ერთხმად მიიღეს.
კანონმდებლებმა, ასევე გამარტივებული წესით განიხილეს და ერთხმად მიიღეს დავით გაბაიძის მიერ წარმოდგენილი კიდევ ერთი კანონის პროექტი, რომელიც ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს.
კანონპროექტების მიღების შემდეგ, სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმინეს. გიორგი სურმანიძემ 2021 წელს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა, შეაჯამა განხორციელებული პროგრამების, ქვეპროგრამების შედეგები და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
უმაღლესი საბჭოს წევრებმა მინისტრს ხვნა-თესვის, ხე-ტყით სარგებლობის, მავნებლებთან, მათ შორის ფაროსანასთან ბრძოლის, სამელიორაციო სისტემების, გეოლოგიური და ლაბორატორიული კვლევების, მოსახლეობის მიერ მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, მათ შორის თხილისა და ციტრუსის რეალიზებისთვის ბაზრების მოძიების, ტრადიციული დარგების განვითარების, სანერგეებისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებული კითხვებით მიმართეს. გიორგი სურმანიძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ - ვახტანგ წულაძემ, კანონმდებელთა კითხვებს ამომწურავად უპასუხეს.
ანგარიში უმაღლესი საბჭოს წევრებმა ცნობად მიიღეს.
პლენარულ სხდომაზე იმყოფებოდნენ ქალაქ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც დასწრება ახალი ვებპლატფორმის - chaerte.sca.ge-ს საშუალებით ჩანიშნეს.