21 აპრილი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, შესვენების შემდეგ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოუსმინეს. ნინო ნიჟარაძემ  „მინისტრის საათის“ ფორმატში, სამინისტროს მიერ გასულ წელს დანერგილი პროგრამული სიახლეების, მზარდი ბიუჯეტის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების შესრულების შესახებ დეტალური ინფორმაცია,  ასევე, მიმდინარე წელს დანერგილი სიახლეების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია წარმოადგინა.

  უმაღლესი საბჭოს წევრებმა მინისტრს კითხვები უშვილობის პროგრამის კრიტერიუმებზე, ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსებაზე, თავშესაფრების ბენეფიაციართა დასაქმება-სოციალურ უზრუნველყოფაზე, ონკოპაციენტების მკურნალობაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე დაუსვეს.

  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე პოსტკოვიდური სინდრომების რეაბილიტაციის თემით დაინტერესდა და შემაჯამებელ გამოსვლაში მინისტრს შესაბამისი რეკომენდაციით მიმართა.

  ნინო ნიჟარაძის ანგარიში დადებითად შეაფასა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის, ყველა შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელსა და კომიტეტის აპარატს მადლობა გადაუხადა.

  სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრი ზაალ მიქელაძე ესწრებოდა, მინისტრის ანგარიში ცნობად მიიღეს.

     

განცხადებები

დღის წესრიგი