15 დეკემბერი

535 549 400 ლარი - აჭარის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დამტკიცებულია, გადაწყვეტილება აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე მიიღეს.

კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი, კანონმდებლებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარუდგინა.

ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, წინა საბიუჯეტო წელთან შედარებით, 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 11%-ით გაიზარდა და პირველად, ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა. მისი თქმით, მომავალ წელს, გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ჯანდაცვისა და სოციალური, განათლების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსების ზრდა.

სამინისტროების მიხედვით,  ფინანსები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - 133 483 600
  • ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო - 33 235 000
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 29 531 000
  • განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 105 446 800

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის - დავით გაბაიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტი გადასცდა ნახევარმილიარდიან ნიშნულს, საიდანაც დაახლოებით 65% კაპიტალურ პროექტებს მოხმარდება. მისი თქმით, გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი თანხების ზრდა - 173 მილიონ ლარამდე, იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება, რაც არის გრძელვადიანი ინვესტიცია. გარდა ამისა, იმატებს ჯანდაცვის პროგრამების, ტურიზმის პროექტების დაფინანსება. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ წელს,  ბიუჯეტირების პროცესში გათვალისწინებულია გენდერული ბიუჯეტი.

საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ ხაზი გაუსვა გენდერული ბიუჯეტის როლს, რეგიონში,  ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის, შშმ პირთათვის თანაბარი გარემოს შექმნის, ბავშვთა და ხანდაზმულთათვის სათანადო პირობების უზრუნველყოფის საკითხებში.

მოხსენების შემდგომ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა უპასუხა კანონმდებლების შეკითხვებს.

სხდომაზე, 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონპროექტის შესახებ დასკვნა, აჭარაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა -კახაბერ კირტავამ წარმოადგინა.

კენჭისყრის შედეგად, აჭარის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 14 ხმით ერთის წინააღმდეგ - დამტკიცებულია.

დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი - კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილების შესახებ“, პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოადგინა. მარინე გვიანიძის განმარტებით, კანონპროექტის მიღების მიზანია, საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი კანონმდებლობის გაერთიანება, გამარტივება, სრულყოფა და პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

კანონპროექტი I მოსმენით, 15 ხმით - მიღებულია.

პლენარულ სხდომაზე განიხილეს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომლის მიღებაც ღია მმართველობის საბჭოს სამოქმედო გეგმით აღებულმა ვალდებულებებმა განაპირობა და საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო მექანიზმების გაძლიერებას, უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

რეგლამენტის პროექტი, რომელიც სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოადგინა, გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით, 14 ხმით - მიღებულია.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე კანონმდებლებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს.

პლენარულ სხდომას არ ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

სხდომას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ, რომლებმაც შესაბამისი განაცხადი ონლაინპლატფორმა - chaerte.sca.ge-ს საშუალებით გააკეთეს.

უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით დაიხურა.