19 დეკემბერი

„პროფესიონალი საჯარო მოხელე წარმატებული სახელმწიფოს საფუძველია“ - განაცხადა უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ფატი ხალვაშმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრაზე, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში ექსკურსია, სიმბოლურად, „მოხელის დღეს“ დაუკავშირეს.

ფატი ხალვაშმა სტუდენტებს გენდერული თანასწორობის გამოწვევებზე, თანაბარი გარემო-პირობების შექმნის და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ასევე გააცნო, უმაღლესი საბჭოს მიერ შემუშავებული გენდერული პოლიტიკის - სამოქმედო გეგმის ცალკეული საკითხები და ხაზი გაუსვა, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, გენდერული ბიუჯეტირების გათვალისწინებას.

უმაღლესი საბჭოს წევრმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.

ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელმა ცირა ხაჯიშვილმა ახალგაზრდებს საკანონმდებლო ორგანოს ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერებინა და გააცნო შენობის ისტორია, წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილებები,  საქმიანობის პრინციპები, საზედამხედველო მექანიზმები. ისაუბრა, უმაღლეს საბჭოში და სხვა უწყებებში დასაქმებული საჯარო მოხელეების პროფესიონალიზმის, კომპეტენტურობის როლზე, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ექსკურსიის ბოლოს გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

„მოხელის დღე“ საქართველოში, საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით დაწესდა და ყოველი წლის 19 დეკემბერს აღინიშნება.