21 დეკემბერი

 „ღია მმართველობის საბჭოს 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების 30% უკვე შესრულებულია“, განაცხადა ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საბჭოს სხდომაზე, რომელსაც წევრებთან ერთად, პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

დავით გაბაიძის თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის შესრულებაზე, ღია მმართველობის პრინციპების გათვალისწინებით, ღიაობისა და გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და საზედამხედველო მექანიზმების გაძლიერებაზე. ასევე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ღია მმართველობის რეგიონული საკანონმდებლო ორგანოების ქსელის შექმნაზე.

საბჭოს მიერ, პირველი სამოქმედო გეგმის (2020-2022 წწ) ფარგლებში გაწეული საქმიანობა, მიმდინარე 2022-2024 წლების გეგმა და ვალდებულებების შესრულება - შეაფასეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა და  ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების გუნდის ხელმძღვანელმა - ნიკ ბერესფორდმა და აგატა ნეიბოიმ. მათი თქმით, საკანონმდებლო ორგანომ  მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და შექმნა  ონლაინპლატფორმა chaerte.sca.ge, რომელიც მოქალაქეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ მმართველობით პროცესებში, მნიშვნელოვანია ასევე, რომ ვებპლატფორმა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის.

უმაღლესი საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს - ამიერიდან, დაინტერესებულ პირებს კომიტეტების სხდომებზე დასწრება ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ - Chaerte.sca.ge-ს ონლაინ მექანიზმების შესახებ პრეზენტაცია მასმედიასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილების უფროსმა - სუზანა ვაშაყმაძემ გააკეთა.

2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზე მოხსენებები გააკეთეს ღია მმართველობის საბჭოს წევრებმა: ტიტე აროშიძემ, დავით ბაციკაძემ, გიორგი კირთაძემ და მარინე გვიანიძემ. როგორც აღინიშნა, მე-2 სამოქმედო გეგმის ნაწილი უკვე შესრულებულია და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ:  გაგვიზიარონ იდეები უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვისა და მინისტრის საათისთვის, დააფიქსირონ პოზიცია კანონპროექტებთან დაკავშირებით, ცვლილებები შევიდა რეგლამენტში თემატური მოკვლევისა და მინისტრის საათის შესახებ, მიმდინარეობს მუშაობა მმართველობით პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის სტრატეგიაზე.

სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ორგანოებში ღია მმართველობის შეფასების განაცხადის ფორმა და კითხვარი.

იხილეთ შეხვედრის ვიდეოჩანაწერი