უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მოუსმინეს - მაია ხაჯიშვილი სამინისტროს საქმიანობის შესახებ ვრცელი მოხსენებით წარსდგა.
სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, მინისტრმა უწყების მიერ 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ასევე მიმდინარე წლის გეგმებისა და აქტივობების შესახებ ისაუბრა. მომხსენებლის განცხადებით, 2022 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 82 413 200 ლარი იყო, 2023 წელს კი 23 მილიონით გაიზარდა და 105 მილიონ ლარს გადააჭარბა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, განათლების ხუთივე საფეხურზე რეგიონში მნიშნვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა, როგორც ინფრასტრუქტურის შექმნის, ასევე კვალიფიციური კადრების მომზადების კუთხით. საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა 2022 წელს და კიდევ უფრო მასშტაბური პროექტები დაიგეგმა 2023 წლისთვის.
მაია ხაჯიშვილის განცხადებით, 2022 წელს სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 300-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო საერთაშორისო გამოცდილება. წელს მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
როგორც მოხსენებელმა აღნიშნა, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და სპორტული პროგრამების ბიუჯეტიც.
მოხსენების შემდეგ, მინისტრმა უპასუხა უმაღლესი საბჭოს მიერ რეგლამენტით დადგენილ ვადაში მისთვის წინასწარ გადაგზავნილ და სხდომათა დარბაზში დასმულ კითხვებს, მოისმინა დეპუტატების მოსაზრებები. მოხსენება კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს.
ოპოზიციური ფრაქციიდან სხდომას მხოლოდ მედეა ვასაძე ესწრებოდა.
სხდომაზე იმყოფებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებმაც პლენარულ სხდომაზე დასწრება ონლაინპლატფორმა - chaerte.sca.ge-ის მეშვეობით მოითხოვეს.