26 აპრილი

„დასაქმების ხელშეწყობა ჩვენი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ამ მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა შორისაა დასაქმების ფორუმები, რომლებიც დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებისთვის უშუალო კონტაქტისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების ეფექტური საშუალებაა“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ ბათუმში, „დასაქმების ფორუმი 2023-ის“ ფარგლებში გამართულ საინფორმაციო ღონისძიებაზე.

 საინფორმაციო შეხვედრა/პანელური დისკუსია შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გამოწვევებსა და რეგიონულ ჭრილში ანალიზის საკითხებს დაეთმო. შესაბამისი სერვისებისა და პროგრამების წარდგენის შემდეგ, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ - თამარ გვარამაძემ, სსიპ აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა - თემურ კახიძემ შრომის ბაზარზე სოციალურად დაუცველთა გააქტიურების, ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.

 აქვე გაიმართა სოციალურად დაუცველი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების საპილოტე პროექტის პრეზენტაცია.