11 ივნისი

  „პაციენტების საჭიროებებზე მორგებული თანამედროვე სამედიცინო სერვისების დანერგვა, განვითარება და მიწოდება მნიშვნელოვანია ყველა სამედიცინო დაწესებულების ბენეფიციარისთვის. მისასალმებელია, რომ ირმა ხვიჩიას სარეაბილიტაციო ცენტრი, სიახლეების დანერგვისა და პაციენტზე მორგებული სერვისების, ადაპტირებული გარემოს შექმნის პარალელურად  ბენეფიციარებს სთავაზობს სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებულ მკურნალობას“, -განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ილია ვერძაძემ ირმა ხვიჩიას სარეაბილიტაციო ცენტრის ახალი შენობის გახსნისას.

  საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე, ცენტრში, უმაღლესი საბჭოს წევრებთან - ფატი ხალვაშთან და ცოტნე ანანიძესთან ერთად, გაეცნო სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობასა და სიახლეებს, რომლითაც სხვადასხვა ასაკის ბენეფიციარებს მკურნალობენ.

  როგორც აღინიშნა, სარეაბილიტაციო  ცენტრი ჩართულია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიის შემდეგ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში: აბილიტაცია/რეაბილიტაცია (ფსიქოლოსომატური პროგრამა), ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო, ინდივიდუალური სამედიცინო და ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებების პროგრამები.