20 თებერვალი

    აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურომ 2024 წლის საგაზაფხულო სესიისთვის „მინისტრის საათის“ განრიგი დაამტკიცა.

    საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის - დავით გაბაიძის მიერ წარმოდგენილი განრიგის თანახმად, უმაღლეს საბჭოში, აღნიშნულ ფორმატში მოხსენებებით, 21 მარტს - სოფლის მეურნეობის მინისტრი, ზაზა შავაძე, 18 აპრილს - ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე,  16 მაისს - განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი, ხოლო 20 ივნისს - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე წარსდგებიან.

   სხდომაზე, ასევე იმსჯელეს საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის არჩევაზე. საკითხი, ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე განიხილება.

      უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის - დავით გაბაიძის განმარტებით, საჯარო სამსახურის საბჭო  შედგება 4 წლის ვადით არჩეული 11 წევრისაგან და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საბჭოში ერთ წევრს წარადგენს აჭარის უმაღლესი საბჭო, რომლის დასახელების უფლებამოსილება აქვს როგორც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს, ისე ფრაქციასა და უმაღლესი საბჭოს სამწევრიან ჯგუფს.